English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ თეიმურაზ ბერიძე ელგუჯა მექვაბიშვილი
ეკონომიკური რეფორმების „ეკლიანი გზა“ პოსტკომუნისტურ საქართველოში: რეტროსპექტივა და პერსპექტივა

ვრცელი რეზიუმე

რამდენიმე ათეული წელი საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენდა ე.წ. ერთიანი სახალხომეურნეობრივი კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. ჩვენთან წარმოებული პროდუქციის 26% იგზავნებოდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში, ხოლო იქ წარმოებული პროდუქციის 28% შემოდიოდა საქართველოში. საქართველოს ეკონომიკური განვითარებაში 1950-იანი წლების შუა ხანებიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე გამოიყოფა ორი პერიოდი. პირველი პერიოდი (1950-1970-იანი წლები) აღინიშნებოდა საქართველოში ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ჩამორჩენით საშუალო საკავშირო მაჩვენებლებისგან. მეორე პერიოდში ეს ჩამორჩენა ძირითადად დაძლეული იქნა. საქართველოს ეკონომიკაში 1970-იან-1980-იან წლებში ტარდებოდა გარკვეული რეფორმები, რომლებიც ორიენტირებული იყო მართვის ეფექტიანობის ამაღლებაზე, თუმცა მათ შეზღუდული ხასიათი ჰქონდა და სასურველი შედეგები არ მოუტანია.

სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წლის 9 აპრილს) საქართველოს წინაშე ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა დადგა: დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება. სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორების გამო (კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან სამეურნეო კავშირების გაწყვეტა და სხვ.) ამ ამოცანების შესრულება ძალიან რთული აღმოჩნდა. ამასთანავე, ძირითადად სოფლის მეურნეობაში დაიწყო რეფორმები, რომელიც გულისხმობდა გლეხების კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთების გადაცემას. ეროვნული მთავრობა ეკონომიკის რეფორმირების  გრადუალისტურ მოდელს ანიჭებდა უპირატესობას, რაც გამოიხატა სახელმწიფო კაპიტალიზმის, როგორც ადმინისტრაციულ-მბრძანებლური საბჭოური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გზის თეორიულ დასაბუთებაში. რეფორმირების ფართო მასშტაბით განხორციელებას ხელი შეუშალა სამხედრო გადატრიალებამ. ახალმა ხელისუფლებამ ეკონომიკის რეფორმირების „შოკური მეთოდი“ აირჩია და 1992 წლიდან 2003 წლამდე განხორციელებული რეფორმები ორ ეტაპად შეიძლება დაიყოს. პირველი მოიცავს 1992-1995 წლებს, მეორე - 1996-2002 წლებს. პირველ ეტაპზე განხორციელდა ფასების სახელმწიფო კონტროლიდან განთავისუფლება, რასაც თან ახლდა ვაჭრობის ლიბერალიზაცია. პირველი ეტაპის ისტორიული შედეგი იყო სოციალისტური ეკონომიკური სისტემის დემონტაჟი და მისი აღდგენის ნებისმიერი შესაძლებლობის გამორიცხვა. ამასთანავე, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში: ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენდა ქვეყნის მშპ-ს 34%-ზე მეტს და იფარებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ემისიური კრედიტებით. დიდი მასშტაბებით ხორციელდებოდა წარმოების სუბსიდირება. კერძოდ, 1993 წელს დოტაციები წარმოადგენდა ბიუჯეტის დანახარჯების 57%-ს, 1994 წელს კი 60%-ს. შემოღებული იქნა ეროვნული ვალუტის სუროგატი კუპონი, რომელმაც სწრაფად განიცადა კატასტროფული გაუფასურება. მკვეთრად გაუარესდა სოციალური ფონი და გაიზარდა მოსახლეობის როგორც შემოსავლებში ასევე ქონებრივ მდგომარეობაში უთანასწორობა.

1994 წლიდან ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარება, რომლებშიც ჩართული იყვნენ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანზაციები - საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. გატარდა წარმატებული ფულადი რეფორმა და შემოღებული იქნა სრულფასოვანი ეროვნული ვალუტა - ლარი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე ინარჩუნებდა სიმყარეს. რეფორმის წარმატებულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ 1996-1997 წლებში მშპ-ს ზრდის ტემპი 10-11%-ს შეადგენდა.

1998 წელს საქართველოს ეკონომიკაში ახალი პრობლემები გაჩნდა, რომლებსაც პირველ რიგში მწვავე საბიუჯეტო კრიზისი შეიძლება მივაკუთვნოთ. ასევე აღსანიშნავია 1998-1999 წლებში განვითარებული სავალუტო კრიზისის შედეგად ლარის მკვეთრი გაუფასურება. ეკონომიკურმა პრობლემებმა და სოციალური დაძაბულობის ზრდამ ქვეყანაში ხავერდოვანი ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ახალგაზრდა და ენერგიული პოლიტიკოსები. მათ დაიწყეს ქვეყნის მოდერნიზაციის რთული პროცესი და ამ საქმეში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს: დაამყარეს ფინანსური დისციპლინა, ადმინისტრირების საგრძნობი გაძლიერებით გაზარდეს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი, დაფარეს საბიუჯეტო სფეროს მუშაკების და პენსიონერების მრავალთვიანი დავალიანება, თითქმის მთლიანად ამოძირკვეს ე.წ. „ყოფითი კორუფცია“ და ა.შ. ამასთანავე, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ხშირად ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების, მათ შორის   კერძო საკუთრებაზე უფლების უხეში დარღვევის ფაქტებს, გავრცელებული იყო ე.წ. ელიტარული კორუფცია და ა.შ. „ვარდების ხელისუფლების“ მმართველობის ცხრაწლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: ავტორიტარული მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია ეკონომიკაში პოზიტიური ძვრების განხორციელება, თუმცა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია ეფექტიანად ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობა და მოქალაქეთა მაღალი პოლიტიკური კულტურა.

დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შედეგად 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“, რომელმაც შეიმუშავა „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“. ამ დოკუმენტის თანახმად, განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებლი ეკონომიკური პოლიტიკის სამი მთავარი პრინციპი:

• ეკონომიკის რეალურ სექტორზე ორიენტირებული დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა;

• ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა;

• ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

     მთავრობამ გაატარა ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდაჭერის შემდეგი ღონისძიებები:

 შეიქმნა სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი;

 გლეხებს და ფერმერებს დაურიგდა ვაუჩერები;

 მიღებული იქნა კანონი კოოპერაციის შესახებ;

 ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩამოყალიბდა შეღავათიანი კრედიტების სამდონიანი პროგრამა.

 განხორციელდა ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის, მაგალითად, ყურძნის წარმოების სუბსიდირება.

მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია საგადასახადო პოლიტიკაში განხორციელებული ნოვაციები: ე.წ. ესტონური საგადასახადო მოდელის დანერგვა და მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის საგრძნობი შემსუბუქება.

საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი აზრით, მეტად აქტუალურია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

• იმპორტშემცვლელი და საექსპორტო წარმოების პარალელურ რეჟიმებში განვითარება;

• ფინანსური ნაკადების პერეორიენტაცია უპირატესად ფინანსურ-სპეკულაციური ოპერაციებიდან და ვაჭრობიდან ეკონომიკის რეალურ სექტორში;

• მეცნიერების და ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებული ინოვაციური ეკონომიკური სისტემის შექმნა;

• ეკონომიკის სოციალური მიმართულების გაძლიერება;

• ეკონომიკის დემონოპოლიზაცია და სამეურნეო სუბიექტებისთვის თანაბარი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობა;

• ეკონომიკის საყოველთაო კაპიტალიზაცია და ამ გზით ე.წ. „საშუალო კლასის“ აღმოცენებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

საქართველოს ეკონომიკა, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.